20 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
„თქვენ არ გაგაჩნიათ არანაირი ხედვა... თქვენი სავიზიტო ბარათი არის უუნარობა"-კამათი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის

სტრუქტურული ცვლილებები პარლამენტის სესიაზე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კამათის თემა გახდა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ხელისუფლება მთავრობის არაეფექტური ფორმირების გამო გააკრიტიკა. მან მაგალითისთვის განათლების სამინისტრო მოიყვანა, რომელსაც კულტურისა და სპორტის  სამინისტრო უერთდება. სერგო რატიანის განცხადებით ამ სფეროში ისედაც ძალიან ბევრი პრობლემაა და ეს შერწყმა მათ უფრო დაამძიმებს.

„თქვენ არ გაგაჩნიათ არანაირი ხედვა და მეორე, ასეთი შეერთება შეიძლება ჰქონდეს და ასეთი პათოსი შეიძლება ჰქონდეს ეფექტურ მთავრობას. მთავრობა, რომელიც მუშაობს ერთიანად და არის კოორდინირებული. არასოდეს „ქართული ოცნების“ არც ერთი ხელისუფლება, არც ერთი მთავრობა არ ყოფილა ეფექტური. პირიქით, თქვენი სავიზიტო ბარათი არის უუნარობა და ამ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. განათლების მიმართულებით მე ჩამოგითვლით რამდენი პრობლემები გაქვთ და მე ვერ წარმომიდგენია ამას, რომ დაემატება სხვა მიმართულებები როგორ  უნდა გადაწყვიტოთ,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ამ განცხადებას არჩილ თალაკვაძემ უპასუხა. მან სერგო რატიანს უთხრა, რომ წინასწარ მომზადებული განცხადებების გაჟღერების დრო არასწორად შეარჩია, რადგან მისი ნათქვამი მომდევნო სხდომის საკითხია და არა ახლანდელის.  

„ნუ ეცდებით, რომ განცხადებები, რომელიც მომზადებული გაქვთ წინმსწრები გააკეთოთ. ეგ არის შემდგომი განცხადებები. ანუ შემდეგ სხდომებზე უნდა გააკეთოთ. მე მგონი თქვენ არ გაქვთ ხედვა ან საერთოდ არ მოგისმენიათ რა არგუმენტებზე იყო საუბარი. თუ ხედვა გაინტერესებთ, ხედვა არის ის, რომ ამ სამინისტროების  გაერთიანება ხდება ადამიანური კაპიტალის, ადამიანური რესურსის განვითარების გარშემო,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები