მთავრობის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა უცხო ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მმართველ გუნდში. დეპუტატები ამბობენ, რომ მამუკა ბახტაძეს კონსულტაციები ჰქონდა საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ პირებთან, თუმცა ვინ არიან ისინი ვისთანაც პრემიერი მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ ეტაპზე მმართველი გუნდის წევრები არ აკონკრეტებენ.
„თუ რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი ამას უკვე საზოგადოებას გავაცნობთ მასშემდეგ რაც მთავრობის რესტრუქტურიზაციაზე საკანონმდებლო ცვლილებებს დავამტკიცებთ,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება ძალიან ბევრი გამოცდილი კადრი.
„რამდენად მოხვდებიან ეგეთი ადამიანები მთავრობის შემადგენლობაში, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება თეა წულუკიანს, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მასთან მიმართებაში კითხვები არ არსებობს, ამიტომ ის მთავრობის შემადგენლობაში უნდა დარჩეს. მისი თქმით იუსტიციის მინისტრის გადადგომის საკითხი რევანშისტურად განწყობილი ოპოზიციის დღის წესრიგია და არა მმართველი გუნდის.
„მაგ საკითხთან მიმართებაში ასეთ აქცენტებს არ გავაკეთებდი. როდესაც პრემიერი ცდილობს თავისი გუნდის ფორმირებას და ცდილობს, რომ ყველაზე ოპტიმალური კანდიდატურები გამონახოს, ეს თავისთავად აბსოლუტურად სწორი და ლოგიკურია. მაინცდამაინც თავის ნათესავებში და ვიწრო საძმაკაცოში ხომ არ უნდა ეძებდეს?! თეა წულუკიანის გარეშე წარმოდგენილი მთავრობა იქნება უფრო ხარვეზიანი,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.