20 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
მესაზღვრეების უფლებები და საპენსიო რეფორმა - პარლამენტი განხილვისთვის ემზადება

ქართველი მესაზღვრეების უფლებები იზრდება და ის ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდება. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი პირველი მოსმენით სესიაზე დღეს განიხილავს. მიზანი საზღვარზე იმ მოქალაქეების მიმართ კონტროლის გამკაცრებაა, ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს.

"ჩვენი პოლიციელები რომლებიც საზღვარზე და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობენ აღიჭურვებიან იგივე უფლებებით, რითაც ევროკავშირის მესაზღვრე პოლიციელები და ასევე ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ფინანსური გამორჩენის მიზნით აორგანიზებენ ცრუ და ყალბი დოკუმენტების დამზადებას,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

არ არის გამორიცხული დღევანდელ სესიაზე საპენსიო რეფორმის შესახებაც იმსჯელონ. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია.

"ეს არის ცუდი ინიციატივა, რომელიც დღევანდელ პენსიონერებს დააზარალებს,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა უმუშევრობის ზრდას შეუწყობს ხელს.

"40 წელს ქვემოთ ადამიანებისთვის გართულდება სამსახურის პოვნა, რადგან ასეთი ადამიანები დამსაქმებლისთვის იქნება დამატებითი გადასახადი და დამატებითი ხარჯი,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები