20 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
საქართველოს ნატოსთან დაახლოება - ქართული არასამთავრობო სექტორი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ. ჰერითიჯის ფონდში ორსაათიანი დისკუსია გაიმართა, რომელშიც ამერიკის წამყვანი პოლიტიკური ცენტრების სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის” დასავლელ პარტნიორებთან ერთად განიხილავდა შესაძლებლობებს, თუ როგორ უნდა დაუახლოვდეს საქართველო ალიანსს და წინ გადადგას ამ თვალსაზრისით კიდევ ერთი, ნაბიჯი, თუნდაც ნატოს ბრიუსელის სამიტზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოს მთავრობას დაუყენონ კონკრეტული მოთხოვნები, მათ შორის დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით. ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყნის შიგნით რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

კოალიცია საჭიროდ მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის და ბრიუსელის გარდა, მუშაობა ბერლინშიც გაააქტიუროს, რომლის სიტყვასაც ევროპულ საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს.

ნატოს გაფართოების საკითხზე განცხადება ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა გააკეთა. დეიმონ უილსონი ამბობს, რომ უთანხმოება ევროატლანტიკურ სივრცეში არსებობს, თუმცა ის არ არის დაკავშირებული ნატოს გაფართოებასთან.

„რა თქმა უნდა, არის გარკვეული დაძაბულობა და ბევრი კამათი იქნება ირანზე, ვაჭრობის და კლიმატურ საკითხებზე, რომლებიც უთანხმოებას წარმოადგენენ ტრანსატლანტიკურ სივრცეში. თუმცა არ მგონია, ეს ეხებოდეს გაფართოების საკითხს, რაც დამოკიდებულია ასპირანტი ქვეყნების მზადყოფნაზე და ალიანსის რუსეთთან არსებულ რთულ ურთიერთობაზე. საქართველო და უკრაინა სახელმწიფო მეთაურების დონეზე იქნებიან წარმოდგენილები სამიტზე. განსაკუთრებული, საგანგებო შეხვედრა გაიმართება ორივე მხარესთან. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია და აჩვენებს ჩართულობისა და მოლაპარაკების სურვილს, ასევე იმის აღიარებას, რომ კონკრეტულად საქართველომ და ასევე უკრაინამ განსაკუთრებულად იმუშავეს ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ეს არის სტიმული მათთვის, რომლებსაც სწამთ, რომ საქართველოს ადგილი უნდა იყოს ნატოში და სტიმულია საქართველოსთვისაც, დარჩეს ერთგული ვალდებულებების მიმართ ქვეყნის შიგნით,“- განაცხადა დეიმონ უილსონმა.

 

 

 

დღის ამბები