20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
ამით მოქალაქეს რა ხეირი?"-ოპოზიცია სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება

ოპოზიცია არ იზიარებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ქვეყნის ბიუჯეტი 100-დან 120 ლარამდე ლარს დაზოგავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მამუკა ბახტაძეს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს და რეალურად არაფერი შეიცვლება. ნიკა მელია აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი მინისტრი რა პოსტს დაიკავებს, რადგან ქვეყანა მაინც იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ.

„განვლილმა ექვსმა წელიწადმა ხომ დაგვანახა, რომ თვიდან თვემდე, დღიდან დღემდე უფრო და უფრო მძიმდება ვითარება და მდგომარეობა  ქვეყანაში. ამიტომ ბატონი გახარია და ბატონი ბახტაძე პირდაპირი  გაგებით ერთ სამუშაო კაბინეტში ისხდებიან თუ სხვადასხვა სამუშაო კაბინეტში ისხდებიან ამით მოქალაქეს რა ხეირი, ან რა ნუგეში? სიმძიმის და ძალაუფლების ცენტრი  არის ბიძინა ივანიშვილის და ყველა დანარჩენი სამინისტრო და ყველა დანარჩენი მინისტრი წარმოადგენენ უბრალოდ ფიგურებს  ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე. და როცა უნდა როგორც უნდა გადაანაცვლებს,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

მამუკა ბახტაძის განცხადებას არ ეთანხმება „ევროპული საქართველოც.“ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით როგორც ჩანს პრემიერს არასწორად აქვს გააზრებული მცირე მთავრობის იდეა.

„იმის თქმა, რომ ჩვენ ხარჯებს არ გავიზრდით, რასაც ამბობს მამუკა ბახტაძე, ეს ნიშნავს მცირე მთავრობის იდეის არასწორ გაგებას და აუცილებელია და დღესაც ვიცით ძალიან ბევრი უყაირათო პროგრამა ბიუჯეტში, რომელიც შესამცირებელია და რომლის ხარჯზეც დღესვე შეიძლება სოციალური პროექტების გაზრდა და პენსიის გაზრდა,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტი მთავრობის რეორგანიზაციაზე მუშაობას დღეიდან იწყებს. 100-ზე მეტ კანონში ცვლილებები საორგანიზაციო დეპარტამენტში დღეს დარეგისტრირდება. ამის შემდეგ კი დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ რა ვადაში და რა პროცედურით გაგრძელდება სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობა. 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი 14 უწყების ნაცვლად-ასეთია პრემიერ ბახტაძის გეგმა. სტრუქტურული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაზე დაიწყებს მსჯელობას.

 

დღის ამბები