20 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
„ყველა მოძალადე მაღალი თანამდებობის პირს ძვირად დაუჯდება" - ნიკა მელია პარლამენტთან დაკავების გამო გამოიკითხა

„ყველა მოძალადე მაღალი თანამდებობის პირს შსს-ში ძალიან ძვირად დაუჯდება, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად,“- ეს განცხადება ნიკა მელიამ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე საგამოძიებო უწყებაში ოთხი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

ნიკა მელია პროკურატურაში პარლამენტთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ 11 ივნისს მისი და რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების საქმეზე შს მინისტრი, მისი მოადგილე და საპატრულო პოლიციის უფროსი უნდა დაიკითხონ.

„ყველაფერი დეტალურად მოვახსენე გამოძიებას, კონკრეტულად ვინ იღებდა ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობას, დაწყებული ბატონი გახარიათი, გაგრძელებული მისი მოადგილე საბანაძეთი და რესპუბლიკის საპატრულოს პოლიციის უფროსის, კუპატაძის და შემდეგ თბილისის რაიონული სამმართველოს უფროსებით. ამ ადამიანებზე დაკითხვაზე მოსვლა მოუწევთ, როგორც პროკურატურაში, ასევე სასამართლოში. ამ ადამიანებმა ძალიან მარტივი რამ უნდა დაამტკიცონ, სად, რა დააშავა და რა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა დაკავებულმა ამ შემთხვევაში მე, თუკი ამას ვერ ამტკიცებენ და ვერ დაამტკიცებენ იმიტომ, რომ ბუნებაში ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს, მათ მოუწევთ, როგორც მინიმუმ, თანამდებობების დატოვება,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

დღის ამბები