ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 2017 წლის ანგარიში პარლამენტში წარმოადგინა. ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ 2017 წლის დასაწყისში, ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაცია შემცირებულია და ფასების სტაბილურობაც უზრუნველყოფილია. მან დეპუტატებს ჭარბვალიანობა, ინფლაციის მიზეზები და ლარიზაციის პროცესებზე ესაუბრა.
„წლის პირველ ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი იზრდებოდა და მაქსიმუმ ნიშნულს 7,1 %-ს ივნისში მიაღწია, ხოლო შემდგომ პერიოდში ინფლაციის ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების ეტაპობრივად შემცირებასთან ერთად, ინფლაციის მაჩვენებელმა კლება დაიწყო“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კითხვები ბანკებისგან დაზარალებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაუსვეს. პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო- რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კითხვით მიმართავს კობა გვენეტაძეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ის მოსახლეობა, რომლებსაც ხელისუფლებამ საბანკო რეგულაციები გაუმკაცრა.
„სინამდვილეში გვაქვს მდგომარეობა, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი და იძულებული ხდება, რომ აიღოს სესხი, მით უფრო უჭირს სესხის გადახდა, კი ბატონო გაუმკაცრეთ რეგულაციები ამ ადამიანებს სესხის აღება, საჭიროება რომ წარმოიქმნება რა უნდა ქნან ამ ადამიანებმა და რა რეცეპტი გაქვთ მათთვის?“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანმა აღნიშნა რომ, მოსახლეობა ბანკების მხრიდან დაჩაგრულია.
„ჩვენ ეროვნულ ბანკს იმიტომ ვუქმნით შრომის პირობებს, ვუხდით მაღალ ანაზღაურებას და აქვს ოაზისური პირობები, იზრუნოს იმაზე, რომ იმ ბანკების მიერ არ მოხდეს იმ ადამიანების ჩაგვრა,“- ენძელა მაჭავარიანი.