პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება, თუმცა დეპუტატები მომავალ კვირას რიგგარეშე სხდომებზე შეიკრიბებიან.
კანონმდებლებმა 100-ზე მეტ კანონში ცვლილებები უნდა დაამტკიცონ. ეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებისთვის არის საჭირო, რადგან ჩამოყალიბდეს ე.წ მცირე მთავრობა.
საპარლამენტო უმრავლესობა ახალი პრემიერის გეგმას მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ, მიესალმება.
„იხურება საგაზაფხულო სესია, თუმცა კანონპროექტები კიდევ არის განსახილველი, ამიტომ აუცილებლად მოვიწვევთ რიგგარეშე სესიას. პირველ რიგში კანონპროექტთა პაკეტი, რომლის განხილვაც მოგვიწევს, ეს არის სამთავრობო ცვლილებები. იმ ვადაში, რა ვადაშიც საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, კანონპროექტი არის უკვე წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში,“-განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
ოპოზიცია ინიციატივას მხარს არ უჭერს და რეალურ საკადრო გადაწყვეტილებებს ითხოვს.
„შეუძლებელია, რომ ბიძინა ივანიშვილის მეირ წარმოდგენილი მთავრობა იყოს წარმატებული, შესაბამისად ქვეყნის წინსვლისთვის, აუცილებელია მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.
სტრუქტურული ცვლილებებისა და მცირე მთავრობის ჩამოყალიბების მიზეზებზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
„ეს სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ შეიკვეცოს იმ ადამიანების წრე, ვისაც უნდა ეურთიერთოს ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ, რომ ის სულ უფრო ცოტა ხალხს ენდობა მთავრობაში და შესაბამისად სურს შემცირებული ადამიანების რაოდენობით გააკონტროლოს მთავრობა,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.