"ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიში პარლამენტში დღეს გაიგზავნება. საქმე ეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას.
ოპოზიციაში ამბობენ,რომ ციხეებში ქურდული მენტალიტეტი ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკის გამო ძლიერდება. ქალთა ციხეებში კი გაშიშვლებით სხეულის სრული შემოწმება ლახავს მათ უფლებებს.
"ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო კვლავაც გვხვდება პენიტენციალურ დაწესებულებებში და ამას დაემატა კიდევ ერთი ქურდული სუბკულტურის დაბრუნება" - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.
სახალხო დამცველმა და "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" სასჯელაღსრულების სამი დაწესებულება შეამოწმეს და დასკვნაც ამის შედეგად მოამზადეს, თუმცა ქართულ ოცნებაში ფაქტებს მაინც უარყოფენ. მონიტორინგის შედეგებით დადგინდა, რომ ციხეში შეყვანის დროს მსჯავრდებულებს შესამოწმებლად სრულად აშიშვლებენ შემდეგ კი ბუქნების გაკეთებას აიძულებენ. იმის მიუხედავად, რომ სამინისტროს უკვე დიდი ხანია ნაყიდი აქვს ძვირადღირებული სკანერი, რომელიც ამ დამამცირებელი პროცედურის ალტერნატიული გზაა.
„შემაშფოთებელია, როდესაც წლების განმავლობაში არ ხდება სტანდარტის შეცვლა და მოპყრობა მსჯავრდებულების მიმართ, კერძოდ ქალი მსჯავრდებულების მიმართ, არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი და მეორე მხრივ ასევე შემაშფოთებელია, რომ ბოლო წლებში შეინიშნება ქურდული მენტალიტეტის ზრდა, ვფიქრობ, ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა, რომ ასე ყოფილიყო“- აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ქალებს აქვთ არჩევანის საშუალება, თუმცა კილაძის თქმით, ბოლო პერიოდში შემოწმებისას მხოლოდ სკანერის გამოყენება ხდება.