როგორ გეგმავს მთავრობა ხარჯების შემცირებას და როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია - გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე ისაუბრა.
ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომელიც მცირე მთავრობის კონცეფციასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ეხებოდა.
პრემიერი ამბობს, რომ გადასახადის გადამხდელებს ბიუროკრატიის შენახვა ბევრად ნაკლები უნდა უჯდებოდეთ.
„მათემატიკა არ არის ის საგანი, რაზეც უნდა იყოს დისკუსია. მესმის, რომ პოლიტიკაში ხშირად გვეუბნებიან, რომ ორჯერ ორი ოთხი არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს ზომა დღევანდელ დღესთან შედარებით, მთლიან ეკონომიკაში ის შემცირდება და ის ჩამოვა დღეს არსებული ნიშნულიდან 3.9%-ზე.
რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს, მათ შორის ადმინისტრაციული და ე.წ. ზედნადები ხარჯების შემცირებასაც, მაგრამ ზოგადად მთავრი მოტივი ამ ყველაფრის არის ის, რომ ეკონომიკას და გადასახადის გადამხდელებს უჯდებოდეთ ნაკლები სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვა.
მე ვფიქრობ, რომ 3.9 % შემთხვევაში გამართული მმართველობითი ორგანოების შემთხვევაში ეს იქნება საკმარისი დაფინანსება, რომ სახელმწიფომ გააუმჯობესოს ის სერვისები, რასაც ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას, გააუმჯობესოს ოპერატიულობის ხარისხი და რაც მთავარია გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღების ხარისხი.
მინდა შეგახსენოთ, თუ ჩვენ 3.9% ავიღებთ ორიენტირად და ბიუჯეტები ასე დაიგეგმება, ჩვენ შევძლებთ ორი წლის განმავლობაში 200 -დან 250-მლი ლარამდე გამოთავისუფლებას სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის“- განაცხადა ბახტაძემ.