მცირე მთავრობის კონცეფციასა და ხარჯების შემცირებაზე დღეს მინისტრებმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ თანამშრომელთა შემცირება მოხდება, რადგან ერთ უწყებას არ სჭირდება, მაგალითად, კადრების განყოფილების ორი უფროსი.
„სამინისტროში არის გარკვეული ფუნქციების განმახორციელებელი ერთეულები, დეპარტამენტები, სამმართველოები და ა.შ. და არის ზოგადი ფუნქციების განმახორციელებელი, როგორიც არის ძირითადად ადმინისტრაციული სამსახურები. როდესაც ფუნქციები გაერთიანდება კონკრეტული ფუნქციის განმახორციელებელი დეპარტამენტი ან უცვლელად ან მცირე ცვლილებით გადმოვა. რაც შეეხება ზოგადი ფუნქციის, ადმინისტრაციული, ფინანსური, შესყიდვები, აქ მინიმუმ, მათი ხელმძღვანელების დუბლირება აღარ მოხდება ანუ ერთ სამინისტროს ორი კადრების განყოფილების უფროსი არ სჭირდება, ორი მთავარი ეკონომისტი არ სჭირდება, ეს იქნება ერთეული შემცირებები,“ - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ სამინისტროების გაერთიანება უწყებების ეფექტურობის გაზრდას გულისხმობს.
„მცირე მთავრობის შემთხვევაში პირდაპირ მექანიკური გაერთიანება არ იგულისხმება, იგულისხმება ეფექტიანობის ზრდა და გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად, მოკლე დროში განხორციელება და მომხმარებლებამდე, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების მიტანა. ამავე დროს, მცირე მთავრობა და სახელმწიფო ხარჯები განისაზღვრება მთლიან შიდა პროდუქტში წილით და არა აბსოლუტურ მაჩვენებლებში,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 10-მდე შემცირდება.
იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრო უერთდება სახელი არ ეცვლება. ჯანდაცვის სამინისტროს სახელი კი იმის გამო, რომ მას დევნილთა უწყება უერთდება, გახდება იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო.
კულტურის სამინისტროს გაუქმების შედეგად კი განათლების სამინისტროს განათლებისა და კულტურის სამინისტრო ერქმევა.