პრემიერის განცხადებებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსა და კომპანიებისთვის დავალიანების ჩამოწერას ეხებოდა, განმარტებები მოჰყვა პარლამენტში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მამუკა ბახტაძის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის.
კომპანიებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა წარედგინოს. მმართველი გუნდის დეპუტატების თქმით, 30 ათასამდე შეეხება ეს ინიციატივა.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კომპანიებისთვის ვალის ჩამოწერით, ისინი ამუშავდებიან და სხვადასხვა ბიზნესაქტივობაში ჩაერთვებიან.
„კომპანიები, რომლებიც დღეს დავალიანების მქონენი არიან და აქედან გამომდინარე, ბიზნესაქტივობებში მონაწილეობას ვერ იღებენ, ამ კომპანიებიდან ვალის ამოღების პერსპექტივა მაინც ძალიან დაბალია, მაგრამ ვალის ჩამოწერის შემთხვევაში, მათი გაცოცხლების პერსპექტივა არსებობს. ამიტომ ამ ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ინიციატივის შედეგად ამუშავებული ყველა საწარმო იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიმართულებით,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეკონომიკა, რომელის ზრდა ქვეყანაში არსებობს, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს სხვადასხვა პროექტის განხორციელებით.
„ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ეკონომიკური აქტივობა, რომელიც დადებითია და სავალუტო ფონდის შეფასება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენ ინკლუზიური ზრდის აუცილებლობაში ვთქვით, დაძლეულია. ეს ნიშნავს, რომ განვითარების მექანიზმები მუშაობს, მუშაობს წარმატებით, მაგრამ ის დოვლათი, რომელიც იქმნება ცხადია და მისი გადანაწილების პრინციპები, რომელიც ქვეყანაში არის, დახვეწას საჭიროებს,“- განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.