რა მოხდა 27 ივნისს რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე - კურიერმა გატაცებული მესაზღვრის დედის პირველი განმარტება მოიპოვა.
გიორგი კერესელიძის დედა ამბობს, რომ მომხდარის ზუსტი დეტალები არ იცის, მაგრამ იცის, რომ მისი შვილი გამოცდილი და კვალიფიციური მესაზღვრეა, რომელიც პროფესიულ შეცდომას არ დაუშვებდა და დაუდევრობის მიზეზით მის დაკავება გამორიცხავს.
გიორგი კერესელიძის დედა აცხადებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ქართველ მესაზღვრეებს არა აქვთ და აღნიშნავს, რომ მესაზღვრეებისთვის რუსული მხარის წარმომადგენელბს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი არ მიუყენებიათ.
„იმათ ეგონათ, რომ ამათი დარღვევა იყო, მაგრამ ხომ გაარკვიეს ყველაფერი და გამოგვიშვესო, გადაგვამოწმეს და გამოგვიშვესო. დანარჩენი, რისიც მეშინოდა, ან ფიზიკური ან სულიერი შეურაცხყოფა, არანაირად... ალბათ, ზღვარზე ისინიც ახლოს იყვნენ და ესენიც, რომ უკვე გაურკვევლობა მოხდა,“ - განაცხადა გიორგი კერესელიძის დედამ.
სახელმწიფო უწყებები ამ დრომდე არ საუბრობენ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც გუშინ დილას გამოჩნდა ლაგოდეხის თავზე.
შსს-მ და თავდაცვის სამინისტრომ კურიერს ამ კადრების გადაღების შემდეგ განუმარტა, რომ ქართულ მხარეს არ ეკუთვნის ეს მოწყობილობა, თუმცა, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვა, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატები და რა მისიით გამოიყენეს ის.
ქართველი მესაზღვრეები საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სამი დღის წინ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მესაზღვრე რუსმა სამხედროებმა გუშინ უკვე ქართულ მხარეს გადმოსცეს.