20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
მიხეილ კალანდიას მიმართს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას კომისიის წევრთა ნაწილი ნაადრევად მიიჩნევს

მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ.

არასამთავრობო სექტორი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი კიდევ ერთი მოზარდის საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს არ არის ერთადერთი რეკომენდაცია. იმის გათვალისწინებით, რომ მოზარდები და საქმის სხვა მოწმეები დაკითხულები არ არიან, კომისია დასკვნებსა და რეკომენდაციებს ისევ გასცემს.

„ყველამ მინდა, გაიგოს, რომ ეს არ არის ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გამოვეცით. ჩვენ კიდევ გვექნება კომისიის მუშაობის მომდევნო ნაბიჯების შემდეგ (რეკომენდაცია). მას შემდეგ, რაც ჩვენ შევხვდებით არასრულწლოვნებსა და დავკითხავთ სხვადასხვა მოწმეებს გვექნება ასევე სხვა მიმართულებითაც კონკრეტული დასკვნები, ისე როგორც იქნება საბოლოო დასკვნა,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას განხილვის საგნად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით,  საგამოძიებო კომისიისგან მსგავსი რეკომენდაციის გაცემა ნაადრევია. 

რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, მდინარაძე აცხადებს, რომ მეორე რეკომენდაციასთან დაკავშირებით შესაძლოა, თანხმობაც იყოს.

„დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რამდენად აქვს კომისიას შესაძლებლობა, გასცეს ამ ტიპის რეკომენდაცია, რომ კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს არა გამოძიება, არამედ  სისხლის სამართლებრივი დევნა. რამდენად არის ამ პირის ქმედებაში იმ დანაშაულის ნიშნები, რაც რეკომენდაციაშია მოცემული და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექმნება მსჯელობა,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები