ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად ე.წ. მესაზღვრეების მიერ მე-12 კლასელი მოსწავლის დაკავებას პოლიტიკური სპექტრში გამოეხმაურნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა მოზარდი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.
„ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებში, მე არ შემიძლია სხვაგვარად შევაფასო ეს მდგომარეობა, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები ყველა ზომებს ხმარობენ აღნიშნული მდგომარეობის დროულად გადაწყვეტისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს.
„ქვეყანაში, სადაც იტაცებენ არასრულწლოვნებს, სადაც იტაცებენ მოხუცებს, სადაც იტაცებენ მესაზღვრეებს, ფაქტიურად იმ ქვეყანაში მოშლილია სისტემა და არ არსებობს ხელისუფლება. ამიტომ ამაზე პასუხი უნდა აგოს ოდესღაც ვიღაცამ და დღეს არის ზუსტად ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ რუსეთი არ აპირებს შეცვალოს საკუთარი მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
„ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები არის აბსოლუტურად არასაკმარისი და საჭიროა უფრო მეტრი, ხისტი პოზიციის დაჭერა რუსეთის მსგავსი პოლიტიკის მიმართ, უფრო მეტი, პრევენციული ღონისძიებების გატარება რუსთის ხელისუფლების მიმართ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მე-12 კასელი მოზარდის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.