მსოფლიო ტრამპისა და პუტინი შეხვედრის მოლოდინში - ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში შეხვდება. ზუსტად 16 დღეში აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები საგარეო პოლიტიკას განიხილავენ. მათ შორის იქნება რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და სირიის და უკრაინის კონფლიქტები. აშშ-ს და რუსეთის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები საქართველოს არ არის. ტრამპი და პუტინი საქართველოს დეოკუპაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე არ ისაუბრებენ. საქართველოში ამბობენ, რომ ეს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის შედეგია, რომელმაც შეასუსტა ძალისხმევა, რომ საქართველოს ასეთი რანგის შეხვედრებზე მთავარი თემა იყოს.
ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ მაშინაც კი როდესაც აშშ-მ გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო რუსეთთან საქართველო ყოველთვის იყო მათ შორის უთანხმოების საკითხი, თუმცა ამჯერად ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.
ანალიტიკოსების პასუხად "ქართული ოცნება" ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ასახელებს, რომელსაც სანქციები ამერიკის და ევროპის მხრიდან უნდა მოჰყვეს. ამ სიაში 33 ადამიანის გვარია ვინც ბოლო 27 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებს იტაცებდა, კლავდა და აწამებდა. სიის სათავეში არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული დავით გურწიევი და ალიკ ტაბუევი არიან, სიაშია გიგა ოთხოზორიას მკვლელი რაშიდ კანჯიოღლიც. თუმცა მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად გადაგზავნილ 33 პირს შორის, ოპოზიციამ ერთ დღეში იპოვა 5 მკვდარი სული. ანუ იმ ადამიანთა გვარები, რომლებიც დიდი ხანია ცოცხლები აღარ არიან და მათი სიკვდილი საჯაროდ იყო ცნობილი როგორც საქართველოს დაზვერვისთვის ისე მედიისთვის.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიმართ მსგავსი არასერიოზული დამოკიდებულება, მხოლოდ სამარცხვინო კი არა მავნებლურია.