„ეს არის უპრეცენდენტო ფაქტი და ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ მის გამოძიებას,“ - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ იმ სკანდალური ინფორმაციის შეფასებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო გასამართლებული, პეტრე დევრიშაძემ სახელმწიფო ტენდერები მოიგო.
ოპოზიცია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს. ოპოზიციამ გადაწყვეტილება „შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ მიიღო, საიდანაც გაირკვა, რომ პეტრე დევრიშაძის კომპანიებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. დევრიშაძე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო იყო გასამართლებული.
„დაუყოვნებლივ უნდა მოვიდეს თავდაცვის მინისტრი და შს მინისტრი და კომიტეტის სხდომის მიწვევას ვითხოვთ, რომ ბოლომდე იქნას გაცემული ყველა კითხვაზე პასუხი,“ - აცხადებს გოცირიძე.
რომან გოცირიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებებსაც ეხმაურება, სადაც უწყება განმარტავს, რომ დევრიშაძის კომპანია არა საიდუმლო შესყიდვებში, არამედ ღია ტენდერში მონაწილეობდა. შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა კი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების საქმიანობის შესახებ.
„თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ისინი არ მონაწილეობდნენ დახურულ კონკურსში და სასაცილოა, ეგღა გვაკლდა,. რომ ჯაშუშები მონაწილეობდნენ დახურულ ტენდერებში და თურმე ისინი მხოლოდ ღია ტენდერებში და შესყიდვებში მონაწილეობდნენ, ეს არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სერიოზული პრობლემა არის ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.