20 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
აქცია მინისტრთა კაბინეტიდან გასაყვანად - ოპოზიცია მცირე მთავრობის პროექტს აფასებს

პარლამენტის ბიუროს დღეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება. ცვლილებებზე მსჯელობა კვირის ბოლომდე საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში დაჩქარებულ რეჟიმში გაგრძელდება.

ცვლილებების მიხედვით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მხოლოდ 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება, მმართველი გუნდის გათვლებით კი შედეგად 120 მილიონ ლარამდე დაიზოგება.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რეალურად არაფერი შეიცვლება და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა არ მოხდება.

„აღმოჩნდა, რომ მთელი ეს კამპანია მიმართული ყოფილა ორი თუ სამი მინისტრის უმტკივნეულოდ გასაშვებად. ეს იყო აქცია მინისტრების გაბუტვის და კარის მიჯახუნების გარეშე, ასე ვთქვათ, მინისტრთა კაბინეტიდან გასაყვანად. თუმცა, ორბიტიდან მაინც არ იქნებიან ჩამოცილებული, როგორც ბარონ სოზარ სუბარს მოუსმინეთ, ის იმდენად დაღლილია და უნდა დასვენება, რომ ამის დროც კი არ აქვს, ვინაიდან აქვს უამრავი შემოთავაზება,“ - განაცხადა გოცირიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის პრობლემა მძიმე ეკონომიკური გამოწვევებია და არა მინისტრთა რაოდენობა.

„მთავარი გამოწვევა დღეს „ქართული ოცნებისთვის“, თუკი მას სურს იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, არის ბიუროკრატიის შემცირება, მათი რაოდენობის დრამატული შემცირება და რაც მთავარია, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის დაზოგვა ბიუროკრატიაზე და ამ თანხის მიმართვა გადასახადების შემცირებისკენ, პენსიის გაზრდისკენ თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამის და პროექტებისკენ,“ - განაცხადა აბესაძემ.

დღის ამბები