პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრობს და განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გაერთიანებას არ ემხრობა.
მარიამ ჯაში სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება თუ ეს სამი უწყება არ გაერთიანდება. დეპუტატის თქმით, უმჯობესი იქნება თუ კულტურის სამინისტრო ტურიზმთან გაერთიანდეს.
„დიდი ცივილიზაციის ქვეყნებში კულტურის სამინისტრო რჩება ცალკე ან ტურიზმთან ერთად გაერთიანებული. მე უფრო მეორე მიმართულების მხარდამჭერი ვიქნებოდი, რომ კულტურა, სპორტი და ტურიზმი დარჩეს ცალკე უწყებად, თუნდაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით, თუმცა, ბუნებრივია, ეს მოითხოვს დამატებით განხილვას,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
პარლამენტის ბიუროზე ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი. ცვლილებებზე მსჯელობა კვირის ბოლომდე საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში დაჩქარებულ რეჟიმში გაგრძელდება.
ცვლილებების მიხედვით აღმასრულებელ ხელისუფლებაში მხოლოდ 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება, მმართველი გუნდის გათვლებით კი შედეგად 120 მილიონ ლარამდე დაიზოგება.