20 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
იმედია, რომ ამას სწორად გაიაზრებს ხელისუფლება, - ომბუდსმენი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევაზე საუბრობს

სახალხო დამცველი მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხს ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებით, მთავარი პროკურორის კანდიდატს ნდობა უნდა ჰქონდეს საზოგადოების და მისი წარსული კითხვებს არ უნდა აჩენდეს.

„გასულმა კრიზისმაც და ამ მიმდინარე საქმის გამოძიებამაც დაგვანახა თუ რამხელა პრობლემები არსებობს საგამოძიებო უწყებებში, როგორც დამოუკიდებლობის, ასევე, პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ამიტომ, ვინ იქმნება მთავარი პროკურორი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ამ კანდიდატურის მიმართ არსებობდეს მაქსიმალურად ნდობა და კონსესუსი საზოგადოებაში. ამიტომ, იმედია, რომ ამას სწორად გაიაზრებს ხელისუფლება, სწორად დაინახავს ამ პროცესის მნიშვნელობას და იქნება შერჩეული ის კანდიდატი, რომელიც თავისი წარსულით და თავისი აწმყოთი არ გააჩენს კითხვებს მის პოლიტიკურ აფილაციასთან და  მის მიკერძოებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მთავარი პროკურორის შერჩევაში ჩართული არ არის.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორობის ოფიციალური კანდიდატია. ის ოფიციალურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა.

კანდიდატების წარსადგენად კი სულ 2 დღე რჩება, ამ დროისთვის ჯამში 6 კანდიდატია წარდგენილი. მათ შორისაა, შალვა შავგულიძეც, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ წარადგინა.

გარკვეული შანსები ექნება სავარაუდოდ ირაკლი ნადარეიშვილსაც, რომელიც პროკურატურაში ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თუმცა, ყველაზე რეალური შანსი სავარაუდოდ სწორედ თადუმაძეს აქვს, რომლსაც მხარს სახელისუფლებო გუნდი უჭერს.

დღის ამბები