განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. მმართველი გუნდის ინიციატივის მიხედვით, სამინისტროების შერწყმის შემდეგ იმისთვის, რომ კულტურის კომპონენტი აქტუალური იყოს, მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე კულტურის სფეროში უნდა მოღვაწეობდეს.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სტრუქტურული ცვლილებები მთავრობის ეფექტურობას გააუმჯობესებს. მათი განცხადებით, ცვლილებების შედეგად 2 წლის განმავლობაში 250 მილიონი დაიზოგება.
„ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც პრემიერმინისტრმა გააშუქა და საზოგადოებას ამცნო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, მას დადებითი მხარე გააჩნია. ხარჯების, ბიუროკრატიის შემცირებაზე და ამ ყველა მიმართულებაზე თუკი ჩვენი ოპოზიცია არ არის თანახმა და არ სურს და საინტერესოა, რა სურთ და როგორ მოიქცეოდნენ ისინი, კარგად გვახსოვს, როგორ იქცეოდნენ ისინი, ჩვენ დღეს სხვა სტანდარტი გაგვაჩნია, ამიტომ ჩვენი გზა სწორედ ოპტიმიზაციაზე მიდის, მთავრობის მოქნილობაზე მიდის და გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებაზე მიდის,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ თუ მთავრობა საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებს, მაშინ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
„თუ მთავრობა შეძლებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მაშინ ეს მისი გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ თუ ვერ მოვახერხებთ საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მთავრობას ვგულისხმობ, მაშინ შესაბამისად, ორი უავტორიტეტო ორგანო, როგორიც არის პარლამენტი და მთავრობა, ამ ქვეყანას ვეღარ გაუძღვება და კრიზისი რომ განიმუხტოს, ასეთ დროს საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებებიც და მთავრობაც საზოგადოების ნდობას მოიპოვებს,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.