მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. დეპუტატების თქმით, სამინისტროების რაოდენობის შემცირება რეალურ შედეგს ვერ მოიტანს და ეს გაღარიბებული მოსახლეობის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ოპოზიციის წევრები ცვლილებებს კოსმეტიკურს უწოდებენ.
„მთელი ეს ალიაქოთი ატეხილი ყოფილა იმის გამო, რომ უმტკივნეულოდ გაეთავისუფლებინათ ვიღაცები. მცირე მთავრობის შემოთავაზებული იდეა აღმოჩნდა ტყუილი, ვინაიდან არც ბიუროკრატიული ხარჯები მცირდება, არც სტრუქტურებში ხდება გადაჯგუფება. ვღებულობთ არითმეტიკულ შეკვეცას - 14-ის ნაცვლად 11 იქნება, სინამდვილეში ყველაფერი რჩება, ოფისებიც კი იგივეა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ სამინისტროების რაოდენობის შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული თანხა სოციალურ პროექტებს და პროგრამებს უნდა მოხმარდეს.
„მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტული გეგმა თუ როგორ მოიკლოს და ხალხის გადაუნაწილოს კეთილდღეობა. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ ასეთ სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარს ვერ დაუჭერს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე მთავრობის იდეა კარგია, მაგრამ ეს, რასაც ბახტაძე წარმოადგენს, არ არის მცირე მთავრობა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.