პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომელიც საგამოძიებო კომისიამ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეში გამოავლინა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძის უკან ათასობით ადამიანია, ვინც სახელმწიფოსგან სამართალს ითხოვს და ვერ იღებს.
„კომისიის მუშაობამ, რომელიც გრძელდება და ჯერ კიდევ დასრულებული არ არის უკვე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის დააყენა დღის წესრიგში და აჩვენა მთელი რიგი ხარვეზები და ძალიან სერიოზული ხარვეზები, რომელიც გამოძიებაში იყო. ბუნებრივია, ალბათ ყველას გვიჩნდება განცდა როდესაც კომისიის სხდომებს ვუყურებთ, თუ ასეთი გახმაურებული და პრობლემური საქმის გამოძიება ასე მიმდინარეობდა, რა იქნება იმ საქმეებში სადაც დაზარალებულები გაცილებით უფრო უუფლებოები, სუსტები, მარტონი არიან მართლმსაჯულების სისტემის წინაშე,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.