მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას კრიტიკითვე საპარლამენტო უმრავლესობა პასუხობს.
მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მესამე სექტორი არ უნდა ერეოდეს და გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არასამთავრობოების მოთხოვნას, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი შეჩერდეს, "ქართული ოცნების" დეპუტატები კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებას, რომ მათი მონაწილეობის გარეშე, პროკურორის შერჩევის პროცესი ლეგიტიმური ვერ იქნება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანი გამოეხმაურა.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, თუ არასამთავრობოებს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა უნდათ, შეუძლიათ, შექმნან პარტია და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
„ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი, პატარა, მცირე, მდიდარი, მაგრამ მცირე, რომლებიც დიდი ხანია, არიან და მათ არ აქვთ ექსკლუზივი და მონოპოლია ამ სფეროზე. როგორ შევაჩეროთ, კანონის მოქმედება შევაჩეროთ? ეს წარმოუდგენელია. თუ მათ უნდათ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიონ, შეუძლიათ, შექმნან პარტია და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ გვესმის მათი ხმა, ვაანალიზებთ მათ შეხედულებას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ხდება იმ საკანონმდებლო პროცედურებიდან გამომდინარე, რომელიც არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით. მე ნდობა გამომიცხადა ჩემმა ამომრჩეველმა, არასამთავრობო სექტორის ნდობა სად გაგონილა. ყველა კვლევაში ძალიან დაბალია, 10%-ზე ნაკლებია, შესაბამისად, ეს საკამათო საკითხია,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც გააკეთა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ პროცესი კანონის შესაბამისად წარიმართოს.
„საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი უმრავლესობის პოზიციაა, რომ უნდა მოხდეს პროცესი კანონის შესაბამისად. კანონი არეგულირებს პროკურორის შერჩევის მთლიან პროცედურას, რომელშიც არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, საპროკურორო საბჭო, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა და შემდგომ უკვე პარლამენტი მონაწილეობს. როდესაც საკითხი იქნება წარმოდგენილი და კანდიდატურა იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, მზად ვართ, რომ კანონის შესაბამისად, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ეკა ბესელიას თქმით, საპროკურორო საბჭომ უნდა მიიღოს სამი კანდიდატი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი წარადგენს. მისი განცხადებით, სამი კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით შეირჩევა ის პირი, რომელიც პრემიერს წარედგინება, შემდეგ კი გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.