მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელის, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენას, საპარლამენტო ოპოზიციაში აფასებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, გენერალური პროკურორი პირადად აკონტროლოს.
მისი თქმით, „შავი საქმის“ შესასრულებლად, ყოფილ პრემიერს ყველაზე მეტად პროკურატურა და შს სამინისტრო სჭირდება.
„პროცესი, სადაც მოწინავე კანდიდატად განიხილება ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რა თქმა უნდა, მოჩვენებითადაც კი ვერ იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, შესაბამისად, ის დაპირება, რაც გასცა „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის დანიშვნის შესახებ, ისევე როგორც მათი მრავალი სხვა დაპირება იყო სრული ტყუილი და ფარსი და ივანიშვილს არ სურს, რომ ეს მნიშვნელოვანი თანამდებობა მართლაც გადასცეს დამოუკიდებელ პირს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესსა და არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ "ევროპული საქართველოს" წევრები. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე აცხადებს, რომ პროცესის მთავარი ხარვეზი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.
„დღეს მოქმედ პროცესს აქვს ერთი მთავარი ხარვეზი, ეს არის ქალბატონი წულუკიანი, რომელიც არის საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე და როგორი პროკურორებიც შეურჩია ივანიშვილს, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესიც არის შესაცვლელი, გადასახედია მთლიანად ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ და აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შესარჩევი კანდიდატი საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდეს.
შეგახსენებთ, რომ შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა.
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე იუსტიციის სამინისტროში 15 კანდიდატურაა წარდგენილი.