რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულმა პეტრე დევრიშაძემ თავდაცვის სამინისტროს შემდეგ შს სამინისტროს ტენდერიც მოიგო.
ამჯერად დევრიშაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური შუქამრეკლი ტანსაცმლით უზრუნველყოფს.
ინფორმაციას ახალი ტენდერის მოგების შესახებ თავად დევრიშაძე ავრცელებს, თუმცა, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ ტენდერი დასრულდა და ახლა შერჩევა შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დღეს კამერების წინ პირველად გამოჩნდა.
„ჩემმა კომპანიამ, რა თქმა უნდა, ფასში გაიმარჯვა, მაგრამ ეს კი არ ნიშნავს, რომ მე გავიმარჯვე. ჯერ მიდის შერჩევა-შეფასების ეტაპი. ბევრი დოკუმენტია წარსადგენი, თუკი ამ ყველა კვალიფიკაციას გავივლი, მერე უკვე სატენდერო კომისია ითხოვს ექსპერტიზის დასკვნას. თუკი ამ ყველაფერს გახვალ კარგად, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, პეტრე დევრიშაძე იქნება თუ სხვა, ის გაიმარჯვებს,“ - განაცხადა დევრიშაძემ.