20 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
თუ ტრამპი არ გამოხატავს ინტერესს საქართველოს ან უკრაინის მომავლის მიმართ, ამით პუტინს მწვანე შუქს აუნთებს - დევიდ კრამერი 

საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს უნგრეთის პოზიცია საქართველოსა და უკრაინის მიმართ სახიფათოდ მიაჩნიათ.

უკრაინული გამომცემლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლებელია, უნგრეთმა დაბლოკოს ქართულ-უკრაინული დოკუმენტი, რომლის მიღებაც ნატო-ს სამიტზე იგეგმება.

ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, დევიდ კრამერი, ამბობს, რომ იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება ნატო-ს სამიტზე, ძნელია, ვინაიდან ცალკეულ ქვეყნების პოზიციები ცნობილი არ არის. მათ შორის ისიც, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის ლიდერი, დონალდ ტრამპი.

"როგორც იცით, ამერიკა ყოველთვის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი იყო, მაგრამ ცხოვრებაში პირველად მიჩნდება ეჭვი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ, რამდენად აპირებს ის იგივე პოლიტიკის გაგრძელებას. თუ დიდი შვიდეულის კომუნიკეს მსგავსად, მოკავშირეებზე გაბრაზებულმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტის დეკლარაციის ხელმოწერაზე უარი თქვა, ეს დააზარალებს არამხოლოდ საქართველოსა და ნატო-ს, არამედ მთელს ალიანსს. იმის გამო, რომ პრეზიდენტი არაპროგნოზირებადია, არ ვიცით, რა მოხდება. თუ ის არ გამოხატავს ინტერესს საქართველოს ან უკრაინის მომავლის მიმართ, ამით პუტინს მწვანე შუქს აუნთებს,“ - განაცხადა დევიდ კრამერმა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია, კი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს.

„უნგრეთის ამ საკითხის დაბლოკვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობისგან ვერ გავიგეთ ზუსტად, რეალურად რასთან გვაქვს საქმე ან რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ უნგრეთი, როგორც ასევე სხვა ჩვენი მოკავშირე ნატო-ს წევრი ქვეყნები მხარში დაუდგნენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი, დავით სიხარულიძე, კი აღნიშნავს, რომ  „საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის უფრო მეტი, ვიდე მხოლოდ ერთი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება“.

 

 

დღის ამბები