„არასდროს არცერთი სპეცსამსახურის აგენტი არ ვყოფილვარ,“ - ეს განცხადება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულმა, პეტრე დევრიშაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.
პეტრე დევრიშაძე სპეცოპერაცია ენვერზე საუბრობს. მისი თქმით, დაკავების შემდეგ ყოველდღე აკითხავდნენ კონტრდაზვერვის წარმომადგენლები და აღიარებას სთხოვდნენ, რაზეც ის უარს ეუბნებოდა.
„ბოლოს გიორგი მაზმიშვილი დამემუქრა და მითხრა ასეთი რამ, რომ პეტრე სამ დღეს გაძლევთ ვადას, სამ დღეში დაგვიწერ, შენ ჭკვიანი ადამიანი ხარ, დაწერე ისეთი რამ, რომ ტელევიზიით რომ გავა, ყველამ დაიჯეროს, რომ ეს არის რეალობა. მე ვუთხარი, დამიწერეთ თქვენ მაშინ, რის დაწერა გინდათ, ნუ გავიდა სამი დღე, რა თქმა უნდა, მე არაფერი არ დავწერე. გიორგი მაზმიშვილმა ისევ მითხრა, გაძლევ ისევ ერთ დღეს ვადას, რა აღიარებ და არ დაწერ, რასაც ჩვენ გეტყვით, 17 წელს მოგისჯი და საკანში ვირთხებს შევაჭმევ შენს თავსო,“ - განაცხადა დევრიშაძემ.
პეტრე დევრიშაძის თქმით, ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მათთვის სასურველი ჩვენება მისცა.
„ჩემი აღიარებითი ჩვენება, ეს ყველაფერი არის ტყუილი, სიცრუე, ეს არის შანტაჟის, დაშინების მიერ მოპოვებული ჩემგან ჩვენება,“ - განაცხადა პეტრე დევრიშაძემ.
ჯაშუშობაში ბრალდებულის თქმით, სასამართლოზეც ტყუილის თქმა აიძულეს.
პეტრე დევრიშაძე აცხადებს, რომ მას ემუქრებოდნენ, თუ საუბარს გააგრძელებდა და მათ სახელებს დაასახელებდა.
მისი თქმით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა, ასევე მიმართა სხვა უწყებებს, თუმცა, ამ დრომდე შედეგი არ არის.
„ვისი საქმით დაინტერესდა პროკურატურა, რომ ჩემი საქმით დაინტერესებულიყო? ვისი რეზონანსული საქმით დაინტერესდა პროკურატურა, დამისახელეთ,“ - განაცხადა დევრიშაძემ.
დევრიშაძე აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ძალების ხელმძღვანელთან, ვიაჩესლავ ბორისოვთან, მეგობრობდა. მისი თქმით, ის ასევე მეგობრობდა 2008 წლის ომის დროს სარდალ დანილოვთანაც მეგობრობდა. პეტრე დევრიშაძე აღნიშნავს, რომ ის ქართულ მხარეს რუსეთიდან სასურველი ნივთების მიღებაში ეხმაურებოდა.
მისი თქმით, სწორედ იმიტომ აირჩიეს, რომ რუსეთთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. დევრიშაძის თქმით, რუსეთის წარმომადგენლებთან ყველა შეხვედრა აჭარის კუდ-ის უფროსთან, თეიმურაზ პატარაძესთან, ათანხმებდა.
პეტრე დევრიშაძე ასლან აბაშიძის მთავრობის შს მინისტრის მოადგილის, დავით ბაკურიძის, განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ დევრიშაძე ასლან აბაშიძის აგენტი იყო და მას რეგიონის ლიდერი ცენტრალური ხელისუფლების წინააღდეგ იყენებდა.
პეტრე დევრიშაძე დავით ბაკურიძეს ნარკორეალიზატორობაში ადანაშაულებს.
პეტრე დევრიშაძე ორმაგ აგენტობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ „არც ერთმაგი ვყოფილვარ, არც ორმაგი ვყოფილვარ“ და დასძენს, "ნეტავ, ჩემნაირი პატრიოტი საქართველოს ბევრი ჰყავდეს".
პეტრე დევრიშაძე სახელმწიფო უწყებებში მისი კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2007 წლიდან მონაწილეობს ტენდერებში.
სპეცოპერაცია ენვერის ფარგლებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია ტენდერებს 2014 წლის შემდეგ იგებს, თუმცა, მისი კომპანია ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაწინაურდა და ჯამში, პეტრე დევრიშაძის კომპანიას ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
დევრიშაძე აცხადებს, რომ 2014 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის 83 ათასი ლარის პროდუქცია აქვს მიწოდებული, მფრინავის კომბინიზონი და ქურთუკი და ასევე, ტყავის ხელთათმანი. მისი თქმით, ტენდერებში ყოველთვის ფასით იგებს.
დევრიშაძის თქმით, 2018 წელს სამი ხელშეკრულება გააფორმა.
„ახლა ბოლო ტენდერი, სადაც იყო სამი კონკურენტი, ერთმა კონკურენტმა დადო 640 ათასი ლარი, მეორემ დადო 544 ათასი ლარი და პეტრე დევრიშაძის ფირმა მარგიმ დადო 540 ათასი ლარი და რა თქმა უნდა, ფასში მოიგო. შემდეგ ყველა ტენდერში მიდის შერჩევა-შეფასება. თუკი მე ვერ გავივლი შერჩევა-შეფასებას, თუნდაც მე მქონდეს დაბალი ფასი, მე ტენდერს ვერ მოვიგებ. მაგრამ ვინაიდან ამ საქმეში ვმუშაობ და არცერთი შესყიდვების დეპარტამენტი ერთ მძიმესაც არ გაპატიებს. ამიტომ ყურადღებით ვუდგები ამ საკითხს და ღმერთის წყალობით ტენდერებს ვიგებ,“ - განაცხადა დევრიშაძემ.