თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის, თქმით, თავდაცვის სამინისტრომ ტენდერი, რომელშიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულის, პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, გააუქმა.
არჩევანის ეთერში საუბრისას გიორგი ბუთხუზმა აღნიშნა, რომ ამის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მიიღო.
„ჩვენთან, ძირითადად, ყველა გადაწყვეტილება, რაც არის მიღებული სატენდერო კომისიის მიერ, რევიზიას გადის შესყიდვების სააგენტოში და, თუ ვინმეს რაიმე საჩივარი აქვს, ამისთვის არის დავების განხილვის საბჭო და საბოლოო მისი გადაწყვეტილება ჩვენთვის არის ძირითადად სამოქმედო დოკუმენტი. ასეთი სამოქმედო დოკუმენტი მიღებული გვაქვს 2018 წლის 21 ივნისს, ანუ ამ თემის თქვენ მიერ აგორებამდე კარგა ხნით ადრე და ამ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ დავების განხილვის საბჭო ჩვენ გვავალებს, რომ გადასინჯვას დავუქვემდებაროთ ჩვენი გადაწყვტილება, რომელიც შეეხება პეტრე დევრიშაძის გამარჯვებას. შესაბამისად, გადასინჯვა ამ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვემორჩილებით, გულისხმობს, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც იყო წინა მიღებული, გაუქმდება და გამოცხადდება ახალი ტენდერი,“ - განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.
გიორგი ბუთხუზი ასევე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, დერვიშაძეს გარანტიები გააჩნია ტენდერების მოგების, სიმართლეს არ შეესაბამება.
„დღესდღეობით თქვენი ტელევიზიის საშუალებითაც გაჟღერდა, სხვათა შორის, რომ, თურმე, პეტრე დევრიშაძეს გააჩნია რაღაც გარანტიები, რომ რომელიღაც ერთ-ერთ ტენდერში ჩვენთან იმარჯვებს, ეს არის აბსოლუტური სისულელე, აბსოლუტური სიცრუე," - განაცხადა ბუთხუზმა.
ბუთხუზის თქმით, პეტრე დევრიშაძეს ტენდერებთან დაკავშირებით 7 საჩივარი აქვს დაწერილი და ასევე, მის წინაარმდეგაც არის შეტანილი საჩივრები.
სპეცოპერაცია ენვერის ფარგლებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია ტენდერებს 2014 წლის შემდეგ იგებს, თუმცა, მისი კომპანია ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაწინაურდა და ჯამში, პეტრე დევრიშაძის კომპანიას ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.