აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან. პოლიტიკურ საკითხებში გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი აცხადებს, რომ პატარაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ მკაფიო ახსნა-განმარტება უნდა მიიღოს საზოგადოებამ.
ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ზურაბ პატარაძის მიერ პოსტის დატოვების მიზეზი ან თავად მან უნდა განმარტოს, ან მმართველმა გუნდმა.
მან გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება გაიხსნება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც საზოგადოებას კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განმარტება არ მიუღია.
„ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები თანამდებობებიდან უცებ ქრებიან, ისე, რომ ქართველ საზოგადოებას ღირსადაც არავინ თვლის, რომ აუხსნას, არგუმენტაცია უთხრას, საქმის კურსში ჩააყენოს, რის გამო მიიღება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის თაობაზე და მისი წასვლა, დღეს ჩვენ ვხედავთ აჭარის ლიდერის გადადგომას და წასვლას. მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჩვენ და ქართულ საზოგადოებას არ მიუღია ნორმალური, ჩამოყალიბებული არგუმენტაცია ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც არც ქართლი საზოგადოებისთვის არის მისაღები და არც გასაგებია საერთაშორისო საზოგადოებისთვის,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა პროცედურებზე ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალი კანდიდატურის შესარჩევად გიორგი მარგველაშვილი გეგმავს, კონსულტაციები გაიაროს აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ ჯგუფებთან.
„მთავრობის მეთაურის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობას უწყდება უფლებამოსილება. უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში პრეზიდენტი გაივლის კონსულტაციებს უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამის შემდეგ უმაღლეს საბჭოს კანდიდატურას წარუდგენს. ამის შემდეგ უმაღლესის საბჭო კანდიდატურაზე იმსჯელებს და დაამტკიცებს,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.