20 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
მოულოდნელი გადადგომების სერია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში - ოპოზიცია პატარაძის წასვლას კვირიკაშვილის კადრების წმენდას უკავშირებს

მოულოდნელი გადადგომების სერია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ აჭარის მთავრობის მეთაური გადადგა.

ზურაბ პატარაძის მიერ პოსტიდან წასვლის მიზეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაურკვეველი დარჩა. გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მდივანი, ფიქრია ჩიხრაძე ბოლო პერიოდის ტენდენციაზე მიუთითებს, როცა სახელმწიფო თანამდებობის პირები პოსტებიდან ისე მიდიან, რომ საზოგადოებისთვის მათი წასვლის მიზეზები უცნობი რჩება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შემცველი ორი კვირის ვადაში გიორგი მარგველაშვილმა უნდა დაასახელოს. ამისთვის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს.  

აჭარის მთავრობის ახალი მეთაურის შერჩევა გახდეს მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის შესაძლოა, ახალი დაპირისპირების მიზეზი.

ზურაბ პატარაძეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თანამდებობიდან წასვლის მიზეზებსა და მისი შემცვლელის შესახებ არ უსაუბრია.

პატარაძის გადაწყვეტილების მიზეზებზე ოპოზიციის წევრები საუბრობენ. „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ პატარაძის თანამდებობა კვირიკაშვილთან მეგობრობას შეეწირა.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, პატარაძის მიერ პოსტის დატოვება რამდენიმე დღის წინ პრემიერთან დაკავშირებით შექმნილმა უხერხულობამ დააჩქარა, როცა საერთაშორისო ნაოსნობაში წასული გემი სარფში გაჩერდა. მედეა ვასაძე, მამუკა ბახტაძის აჭარაში ვიზიტის იმ ნაწილსაც იხსენებს, როცა ახალმა პრემიერმა პატარაძეს ინფრასტრუქტურული პროექტების გამო უსაყვედურა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, წასვლის მიზეზებზე შეკითხვები არ აქვთ პატარაძის თანაგუნდელებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ჟურნალისტებს უმტკიცებდნენ, რომ მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა გუნდთან შეთანხმებული იყო, თუმცა მათგან ერთმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ პატარაძის დღევანდელი გადაწყვეტილება მმართველი გუნდიდან არავინ იცოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარაუდო შემცვლელად საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდის დირექტორი, თორნიკე რიჟვაძე სახელდება.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები