სახელმწიფო ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ, მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აღარ გადაეცემა. ნორმატიული აქტი, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლეოდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო. ასევე, არასამართლიანად ჩაითვალა საგადასახადო კოდექსის ის მუხლი, რომელიც მომჩივანი მხარის შეფასებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს საპატრიარქოს.
ქვეყნის კანონმდებლობის სადავო ნორმების გაუქმების მოთხოვნით 2 სხვადასხვა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოში მოქმედმა 8 რელიგიურმა ორგანიზაციამ მიმართა. ერთი სარჩელით ისინი საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლს ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებდა, საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას.
კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც ასევე დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს ეხებოდა. სადავო ნორმა, სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებდა.
არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმები ძალადაკარგულად 2018 წლის 31 დეკემბრიდან გამოცხადდება.
სასამართლოში მოპასუხე პარლამენტი იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ახლა საკანონმდებლო ორგანოს ეკისრება ვალდებულება კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი