„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიას ამომრჩევლებზე ზეგავლენაში ადანაშაულებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ეხმაურება. ნიკა მელია „საგარანტიო სერტიფიკატებთან“ დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას გაუგებარს უწოდებს.
ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში უამრავი ოჯახი არსებობს, რომელთაც სოციალური შემწეობა მოუხსნეს, სამსახურებიდან უკანონოდ გაათავისუფლეს და მათ დახმარება სჭირდებათ.
„საია-ს“ მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, გაუგებარი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გულისხმობს შემდეგს: გასაჭირში მყოფ მოქალაქეებს პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, არ უნდა გაუწოდოს დახმარების ხელი მათ, ანუ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. ათასობით და ათიათასობით ადამიანი სამსახურიდან გამოყარეს, მათ მერე მოახერხეს საქართველოს სახელით სასამართლოს გადაწყვეტილების ხელთჩაგდება და ამით საკუთარი უფლებების აღდგენა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ყურიც არ შეიბერტყა. საქართველოში ათიათასობით ოჯახი არსებობს, რომელთაც უსაფუძვლოდ და არაობიექტურად სოციალური დახმარების გაცემა შეუწყვიტეს. ასეთ ოჯახებზე, როდესაც ვსაუბრობთ, თურმე ეს არის მოსყიდვა?“- განაცხადა ნიკა მელიამ.
„საია-ს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გაერთიანებისა და მისი წარმომადგენლების მიერ მოქალაქეებისთვის „საგარანტიო სერტიფიკატების“ გადაცემით, ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენა ხდება და სავარაუდოდ, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას.