ბერლინში მიმდინარე ქართულ-გერმანულ მეშვიდე სტრატეგიულ ფორუმზე ჰიბრიდული საფრთხეებსა და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე მათ გავლენაზე მსჯელობენ. ფორუმს უცხოელი სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტები, ასევე გერმანელი პოლიტიკოსები ესწრებიან.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კონფლიქტის საკითხებში კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ საქართველომ მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს.
„შეერთებული შტატების ერთგულება ნატოს მიმართ, კვლავ ძლიერია და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაც მჭიდროა. რაც შეეხება წევრობას, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ იქცეს ნატოს შემდგარ მოკავშირედ, რასაც დღეს აკეთებს, სწორედ ამისკენაა მიმართული, მაგრამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, დემოკრატიული სტაბილურობის კუთხით, გვინდა ეს ვნახოთ. ყველა დეტალი დოკუმენტთან დაკავშირებით, არ არის ჩემთვის ცნობილი და მომდევნო დღეებში შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ, წინასწარ ვერ ვივარაუდებ, რა შეიძლება ჩაიწეროს,“ - განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ვოლკერი ტრამპი-პუტინის შეხვედრის შესახებაც აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ რაიმე ოფიციალური დღის წესრიგი არ არსებობს.
რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი.
„საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის პუტინი და რუსეთის აგრესია, რომელიც გრძელდება მცოცავი ოკუპაციით,“ - განაცხადა დევიდ კრამერმა.
ბერლინში მიმდინარე ქართულ გერმანულ მეშვიდე სტრატეგიულ ფორუმს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, დეპუტატები და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებიც ესწრებოდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან გვაქვს სრული თანხვედრა იმ პრიორიტეტებთან მიმართებაში, რაც არის განსაზღვრული საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით,“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
ექსპერტები ყურადღებას დეოკუპაციისა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საკითხებზე ამახვილებენ.
„ეს არის ძალიან კარგი ადგილი, სადაც საქართველოს და გერმანიას შეუძლია, ისაუბრონ თავიანთ სტრატეგიულ თემებზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, ოკუპირებული ტერიტორია და დეოკუპაციის პოლიტიკა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა,“- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა, დავით სიხარულიძემ.
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც ფორუმს ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე დღის წესრიგში მუდმივად უნდა იყოს და ამაზე ხელისუფლება აქტიურად უნდა მუშაობდეს.
„აუცილებელია მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი იდოს მაგიდაზე, იყოს დღის წესრიგში, როცა ცივილიზებული სამყაროს ლიდერები ხვდებიან რუსეთის ლიდერებს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.