20 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
აჭარის მთავრობის მეთაურის შერჩევაზე მოლაპარაკებები, პარლამენტში აქტიური განხილვის თემაა

კონსტიტუციის მიხედვით, აჭარის მთავრობის მეთაურის შესარჩევ კონსულტაციებში ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და საქართველოს პარლამენტი მონაწილეობას ვერ მიიღებს. კონსულტაციები პრეზიდენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის უნდა გაიმართოს.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული მოლაპარაკებები საკანონმდებლო ორგანოში მაინც აქტიური განხილვის თემაა. მმართველი გუნდის მხრიდან არაერთი პოლიტიკური განცხადება კეთდება.

„ქართული ოცნების“ წევრები იმედოვნებენ, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობის კანდიდატის შერჩევა პრეზიდენტთან დაპირისპირების მიზეზი არ გახდება.

კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტება მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ გააკეთა.

„კანონმდებლობა ითვალისწინებს კონსულტაციებს, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს კონსესუსი აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან. მე არ ვთვლი, რომ ისე შეიძლება წავიკითხოთ კანონმდებლობა, რომ დამოუკიდებლად ერთპიროვნულად შეეძლოს პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების მიღება,“- განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ გუშინ დატოვა, თუმცა მანაც და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ ის გუნდის წევრად რჩება.

„აჭარის მთავრობის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გადადგა, ის თავისი ნებით წავიდა დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად. აჭარაში ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ აჭარაში კიდევ ბევრი რამ ცხადია, არის განსახორციელებელი, პროექტები არის ბოლომდე მისაყვანი, ახალი პროექტებია დასაწყები. ასე რომ, ჩვენ ამ საჭიროებების კუთხით ვიმსჯელებთ და განვიხილავთ ყველა კანდიდატს, რომელიც წარმოდგენილი იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტთან ურთიერთობას, მე ვთვლი, რომ კანონის მოთხოვნების ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს ყველა,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.  

დღის ამბები