აჭარის მთავრობის მეთაურის შესარჩევ კონსულტაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია განცხადებას აკეთებს. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
კონსტიტუციის მიხედვით, აჭარის მთავრობის მეთაურის შესარჩევ კონსულტაციებში ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და საქართველოს პარლამენტი მონაწილეობას ვერ მიიღებს. კონსულტაციები პრეზიდენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის უნდა გაიმართოს.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებული არ არის კონსულტაციების გამართვის დასრულების შედეგად შერჩეული კანდიდატურა წარადგინოს, მას შეუძლია, სხვა დაასახელოს.
„აჭარის კონსტიტუცია არ ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ კონსულტაციების შემდეგ მიღებული კანდიდატურა წარადგინოს. კონსულტაცია არის ერთ-ერთი პოლიტიკური ფორმალური მხარე, მას აქვს სრული უფლება, ნებისმიერი კანდიდატურა წარადგინოს, როგორი დამოკიდებულება იქნება მისდამი აჭარის უმაღლეს საბჭოში. დღეს სრული კარტბლანში აქვს საქართველოს პრეზიდენტს. თუ როგორ გამოიყენებს იგი, ამაზე იქნება დამოკიდებული, არის თუ არა ის რეალურად დამოუკიდებელი, თუ კვლავ რაღაცით ანგარიშს უწევს კვლავ ივანიშვილს ან „ქართულ ოცნებას“,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
ოპოზიციის წევრები „ქართული ოცნების“ მხრიდან გიორგი მარგველაშვილისადმი კონფრონტაციულ დამოკიდებულებას იხსენებენ.
„ქართულ ოცნებას“ რომ თავიდანვე კონფრონტაციული დამოკიდებულება არ ჰქონოდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან და ინსტიტუციებს შორის მუდმივი კინკლაობა არ ყოფილიყო, ეს სამართლებრივი კოლიზია დღეს არ გახდებოდა კიდევ ერთ დავის საგანი. სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ბრძოლა პრეზიდენტის ინსტიტუტთან, დღეს გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ კიდევ ერთი კინკლაობა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას, მმართველ პარტიას შორის იმასთან დაკავშირებით თუ ვინ უნდა იყოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.