„ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესზე ისაუბრა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, შანსი რომ ის საბოლოოდ მთავარი პროკურორობის სამ რჩეულ კანდიდატ შორის მოხვდეს, ნულოვანია.
შალვა შავგულიძე ამის მიზეზად მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში სხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მონაწილეობის არმიღებას ასახელებს.
შავგულიძის თქმით, მთავარი პროკურორის არჩევის გადაწყვეტილებას საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
„ხელისუფლებას შეექმნა ის კომფორტი, რომ საზოგადოების ფართო მხარდაჭერილი კანდიდატი არ არის წარდგენილი. მადლობას მოვახსენებ „ევროპულ საქართველოს,“ რომელმაც ჩემ მიმართ ნდობა გამოხატა და წარმადგინა, არ დამიწყია ზედმეტი პრანჭვა და თანხმობა განვაცხადე. არ იქნა წარდგენილი ძლიერად მხარდაჭერილი სხვა კანდიდატები და ჩემი კანდიდატურაც რეალურად ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის მხარდაჭერილი. ესეთ შემთხვევაში ხელისუფლებას აბსოლუტური კომფორტი შეექმნა, რომ იოლად თქვას უარი სხვის მიერ წარდგენილ კანდიდატზე და მისთვის სასურველი კანდიდატი დარჩეს საბოლოოდ ვინ გახდება მთავარი პროკურორი, გადაწყვეტილებას მიიღებს და ბრძანებას გასცემს ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ვერ შეიქმნა ზეწოლის ის მუხტი, რომ იძულებულიყო, „ქართულ ოცნებას“ დაეთმო ეს პოზიცია,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.