20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ქარიშხალი ჭიქაში - პრეზიდენტის ადმინისტრაცია აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციას აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციებს იწყებს. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გიორგი მარგველაშვილს ორკვირიანი ვადა აქვს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურა ორჯერ წარადგინოს.

„გვაქვს შემთხვევა, როდესაც მთავრობის მეთაური გადადგა, ამის გამო, მთავრობას შეუწყდა უფლებამოსილება და ახალი კანდიდატია წარსადგენი. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში, არც საქართველოს კონსტიტუცია, არც კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილი, ისევე, როგორც აჭარა არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, არ ითვალისწინებს პრეზიდენტის კონსულტაციებს მთავრობასთან კანდიდატურასთან მიმართებაში. ამიტომ, ერთადერთი, ვისთანაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონსულტაციების გავლა პრეზიდენტის მიერ, ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი პოლიტიკური ობიექტები,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან, სადაც ისინი იმედოვნებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით მარგინალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მმართელი გუნდის წევრების განცხადებების საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით იმოქმედებს.

„ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, იმიტომ, რომ კონსტიტუცია ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, ის კონსტიტუცია, რომელიც ჯერჯერობით მოქმედებს და რომლის თაობაზეც ეჭვები გამოითქმება ის ნაწილი ჯერ არ არის შესული ძალაში. პრეზიდენტი მოქმედებს იმ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც მას აძლევს გარკვეულ უფლებამოსილებებს. ეს უფლებამოსილებები განსაზღვრულია, ასე, რომ პრეზიდენტი კონსულტაციებს გადის აჭარის უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან და ამ კონსულტაციების შემდეგომ ხდება კანდიდატურის დასახელება,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ზურაბ პატარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება, ერთ-ერთი მათგანი, თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია.

მეორე სავარაუდო კანდიდატი კი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე სერგეენკოს რეკომენდაციით არის დანიშნული.

დღის ამბები