ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფი არასრულწლოვნებს გამოკითხავს.
დეპუტატები ინფორმაციას იმ მოზარდებისგან მიიღებენ, რომლებიც ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდნენ. პროცესში ფსიქოლოგებიც ჩაერთვებიან.
მომდევნო ეტაპზე უკვე სკოლის დირექტორები გამოიკითხებიან. გაფართოებული ფორმატით კი კომისია უკვე შაბათს შეიკრიბება.
„ჩვენი კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ ეს გამოკითხვები ჩატარდეს უმაღლესი სტანდარტით, რადგან გამოკითხვა იმ გარემოში და კომისიის მიერ იქნება დამატებითი სტრესი ამ ბავშვებისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარემოც და გამოკითხვის ფორმაც იყოს ისეთი, რომ მინიმალური იყოს ბავშვებისთვის სტრესი. გამოკითხვა ჩატარდება სპეციალიზირებული ფსიქოლოგის მიერ ისეთ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, ინფორმაციის სანდოობას და მეორე მხრივ, მინიმალურ სტრესს არასრულწლოვან ბავშვებზე,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.