„საზოგადოების ძალიან ფართო ნაწილში არის ბევრი დასაბუთებული პრეტენზია წულუკიანის მიმართ,“ - ეს განცხადება, ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის მინისტრზე საუბრისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანის ადგილს ვერ ხედვას.
ნაცვლიშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ არსებობს არაერთი საფუძვლიანი არგუმენტი.
„განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გამსხვილებული პორტფელები აქვს მთელ რიგ სამინისტროებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ სტრუქტურა და არა მხოლოდ პორტფელის მოცულობა, არამედ პიროვნული წონა, პიროვნული უნარ-ჩვევები და ხედვის არეალი, რომელიც უნდა ქონდეთ მინისტრებს იმისთვის, რომ მათ ეფექტურად გაართვან თავი მათ წინაშე მდგომ ამოცანებს.
"მინისტრი ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ მენეჯერი, იმიტომ რომ მინისტრები, ისინი არიან იმ თანამდებობის პირები, რომლებსაც ხშირად უწევთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. საზოგადოების ძალიან ფართო ნაწილში არის ბევრი დასაბუთებული პრეტენზია წულუკიანის მიმართ, იმიტომ რომ ვერც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დაიწყო მისი თაოსნობით, იუსტიციის სამინისტრომ წარმატებით ვერ განხორციელდა. თუ ხელისუფლებას არ სურს, ამ შემთხვევაში მთავრობას და მთავრობის მეთაურს, ოპონირების რეჟიმში ესაუბროს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და საკუთარ ამომრჩევლებს, მაშინ საზოგადოების ეს განწყობა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გათვალისწინებული,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.