გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის და პარტიის მეთაურის თანამდებობის შემდეგ „ქართული ოცნების“ რიგებიც დატოვა. პრემიერის პოსტის შემდეგ მამუკა ბახტაძე გიორგი კვირიკაშვილს პარტიის პოლიტსაბჭოშიც შეცვლის.
მმართველი გუნდის წევრების ნაწილისთვის ყოფილი ლიდერის გადაწყვეტილება მოულოდნელი, ნაწილისთვის კი ლოგიკური აღმოჩნდა.
გიორგი კვირიკაშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ არაფერს ამბობენ მმართველი გუნდის ის წევრები, ვინც პარლამენტში სწორედ ყოფილი პრემიერის თანაგუნდელებად სახელდებიან.
საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც უკვე აშკარაა, რომ კვირიკაშვილთან ერთად, მთავრობას და სახელისუფლებო სტრუქტურებს ყოფილი პრემიერის კადრებიც ტოვებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლა კვირიკაშვილის საპარლამენტო გუნდის ჯერია და ისინი მალე „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნებიან.
რადიკალურად განსხვავებულია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის პოზიცია. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკურ შანსებს უკიდურესად ნეგატიურად აფასებს, ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყების რესურსი არ აქვს.