პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები იზრდება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ახალი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს. მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყო და არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.
ცვლილებები საკანონმდებლო პროცესის დახვეწასაც გულისხმობს. მათ შორის, შეიზღუდება დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
„ჩვენ უნდა ველოდოთ თითქმის ყველა სასესიო სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა ველოდოთ კომიტეტებში კიდევ უფრო დიდი დოზით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნას და ჩვენ უნდა ველოდოთ პარლამენტის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე სერიოზულ პასუხებს,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო მოდელზე გადასვლის შემდეგ პარლამენტის საზედამხედველო როლი მკვეთრად გაუმჯობესებული იქნება.