საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი წარედგინება.
კანდიდატები დღეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ დაასახელა.
„შერჩევისას მხედველობაში იქნა მიღებული წარმოდგენილ პირთა, როგორც განათლება და პროფესიული გამოცდილება, ასევე, ისეთი პიროვნული მახასიათებლები, როგორიც არის მმართველობითი უნარ-ჩვევები, გამოცდილება და კვალიფიკაცია ამავე მიმართულებით, მიზანსწრაფულობა, პატიოსნება და სხვა მრავალი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სწორედ იმ მახასიათებლებზე, რომელიც ვფიქრობ, ყველაზე მეტად ესადაგება დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის წინაშე მდგომ ამოცანებსა და გამოწვევებს,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, საქართველოს პროკურატურას დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროება უფლებადაცვითი და აკადემიური პერსპექტივის ხედვის მქონე პირი.
„დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურას განსაკუთრებით ესაჭიროება არა უბრალოდ პროფესიონალი, არამედ უფლებადაცვითი და აკადემიური პერსპექტივის ხედვის მქონე ხელმძღვანელის ყოლა. შესაბამისად, ჩემი გაზრდილი ინტერესი დაიმსახურა და მხარდაჭერა, ცხადია, იმ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილნი არიან საკუთარი საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვის განხრით და კიდევ აკადემიურ წრეებში არაერთი წლის მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პროკურორთა კორპუსის მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატად ლევან ძნელაძე და ირაკლი ნადარეიშვილი იყვნენ წარდგენილნი. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქმედი პროკურორი კანდიდატებს შორის არ ყოფილიყო.
მთავარმა ბრალმდებელმა საბოლოო არჩევამდე რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. მას მხარი ჯერ საპროკურორო საბჭომ, შემდეგ კი მთავრობამ უნდა დაუჭიროს. ბოლო ეტაპი პარლამენტია, სადაც პროკურორობის კანდიდატს 6 წლის ვადით აირჩევენ.
მთავარი პროკურორობის კანდიდატს საპროკურორო საბჭოში ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩევენ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს.
მთავრობამ ორი კვირის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მთავარ პროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით და წარუდგინოს პარლამენტს.