20 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
"გაითვალისწინეთ იუსტიციის მინისტრის როლი სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების პროცესში" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" პრემიერს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”  პრემიერ მინისტრს მიმართავს. ორგანიზაციის თავმჯდომარე მოუწოდებს მამუკა ბახტაძეს, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში მინისტრთა შერჩევის დროს გაითვალისწინოს ის პრობლემები, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებული მინისტრების დროს შეიქმნა. 

განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა ნათქვამი, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, კორუფციის რისკები და ყველა ის პრობლემა, რაზეც ორგანიზაციის ბოლო კვლევაშია საუბარი იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე მიუთითებს.  

"ჩვენი ორგანიზაციის უკანასკნელი კვლევის, „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში”, მიგნებებმა შემაშფოთებელი ტენდენციები გამოავლინა, რაც მთავრობის მხრიდან ძირეული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

წლებია, იუსტიციის მინისტრის არათანმიმდევრული პოლიტიკა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით და მინისტრ თეა წულუკიანის უშუალო ჩართულობით ექვსი წელი მიმდინარეობდა კლანურობის პრინციპით შერჩეული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში გადაიზარდა და ხელი შეუწყო კორუფციის რისკების ზრდას სისტემაში.

მოგმართავთ თხოვნით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე გაითვალისწინოთ იუსტიციის მინისტრის როლი სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების პროცესში. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე წარადგინოთ ისეთი კანდიდატი, რომელსაც სიღრმისეულად აქვს გააზრებული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები და ამასთანავე აქვს მკაფიოდ გამოხატული ხედვა, რეფორმის შემდგომი მიმართულებების თაობაზე,"-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები