20 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თბილისში დაიწყო

ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერის, დიდიე რეინდერსის ოფიციალური ვიზიტი თბილისში დაიწყო. ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-ბელგიის ორმხრივ ურთიერთობებზე, ბელგიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია იყო.

„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთი მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარაულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებს,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, დიდიე რეინდერსმა აღნიშნა, რომ ოკუპაციას გმობს და ამის შესახებ  სერგეი ლავროვსაც ესაუბრა.

„ნატო-ს სამიტის სამზადისის პერიოდში ბელგია ეცდება დაანახოს ყველას, რომ საქართველოს მეტის გაკეთება შეუძლია და მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატოსთვის. ბელგია ისევე, როგორც ევროკავშირი გმობს ოკუპაციას. შერიგების პოლიტიკას მივესალმები, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესი ჟენევაში და იმედია წინსვლა იქნება. ბელგია ცდილობს, ითამაშოს დიდი როლი ამ პროცესში. ჩვენი შეხვედრების დროს მოსკოვში მუდამ ვამახვილებთ ყურადღებას ამ საკითხზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე, მე სერგეი ლავროვს ვუთხარი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება,“ - განაცხადა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერმა.

დღის ამბები