მთავარი პროკურორობის კანდიდატების ნაწილი ჟურნალისტებთან პირველი განმარტებებს აკეთებს. მთავარი პროკურორობის შერჩეული კანდიდატების ვინაობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი - შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე, ნინო გოგნიაშვილი. შალვა თადუმაძემ კომენტარი არ გააკეთა, მან "კურიერის" ზარებს არ უპასუხა.
შალვა შავგულიძის თქმით კი, მხოლოდ ძლიერი საზოგადოებრივი წნეხის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთავარი პროკურორი ობიექტურად შეარჩიოს.
„ქართულმა ოცნებამ“ უშუალოდ არ აიღო პასუხისმგებლობა, რომ თავად დაებლოკა მისთვის არახელსაყრელი კანდიდატი, როგორადაც, ალბათ, მე მოვიაზრები, მაგრამ ის ამ დავალებას საპროკურორო საბჭოს მისცემს. შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ძლიერ საზოგადოებრივ წნეხს შეუძლია აიძულოს „ქართული ოცნება,“ რეალურად დათმოს მთავარი პროკურორის პოზიცია,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, ნინო გოგნიაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ პროკურატურაში გარკვეული ცვლილებები განსახორციელებელია, თუმცა მან უწყებაში არსებული კონკრეტული პრობლემების დასახელებისგან თავი შეიკავა.
„დღეის გადმოსახედიდან, იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატი ვარ, კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი ცოტა არასერიოზული იქნება,“- აღნიშნა გოგნიაშვილმა.