საპარლამენტო უმრავლესობა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 2017 წელს სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, მომსახურების ხარჯები 15 მილიონით გაიზარდა.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" იმ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა დაიზოგება სამინისტროების ოპტიმიზაციით.
მმართველი გუნდის წევრები IDFI-ის კვლევას კრიტიკულად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შეცდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ თანხების დაზოგვასთან დაკავშირებით პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მმართველ გუნდს საინტერესო ხედვა შეთავაზა.
„პროცესი ჩამოყალიბების ორგანიზაციულად დახვეწის სამინისტროების გრძელდება და მე ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იდეები და საინტერესო ხედვები შემოგვთავაზა მამუკა ბახტაძემ. თუკი რაიმე წინა რეფორმიდან არ არის საკმარისი, მე ვფიქრობ, ეს რეფორმა ამ ჩამორჩენას მნიშვნელოვნად შეავსეს, თუკი არ არის საკმარისი, მაგრამ მე ხშირ შემთხვევაში ვერ დავეყრდნობი ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წიაღსვლებს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ IDFI შეცდა, როდესაც სამინისტროების გაერთიანებით თანხების დაზოგვაზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, მესამე სექტორი ცდება, როცა ამას საუბრობს, იმიტომ, რომ აქ საუბარი არ იყო სამინისტროების გაერთიანებაზე. სამინსიტროების გაერთიანება თავისი არსით ვერ დაზოგავს მილიონობით, 100 და 120 მილიონ ლარს, რომელსაც ჩვენ ვლაპარაკობთ. დაზოგვა თანხების მოხდება როგორც უკვე ითქვა, 4,3 მეათედი პროცენტიდან მთლიანი შიდა პროდუქტის, რომელსაც, დაახლოებით, დღეს ჩვენ ვხარჯავთ სწორედ მთლიანად სახელფასო თუ ადმინისტრაციულ დანახარჯებზე ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების, ეს ხარჯები ჩამოვა 3,9 მეათედ პროცესზე. ძალიან უპასუხისმგებლოა იმ ადამიანების განცხადებები, ვინც თვლის, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთი ხელის მოსმით 100 ათასი ადამიანი გავუშვათ სამსახურიდან, ეს არის ამორალური, მიუღებელი და ამას სახელმწიფო არ უნდა აკეთებდეს,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
კვლევის თანახმად, გაირკვა, რომ თანხის დაზოგვის ნაცვლად, გასულ წელს ადმინისტრაციული ხარჯები 15 მილიონით გაიზარდა.
სამოქალაქო სექტორის ცნობით, გასულ წელს დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, 2018 წლის საწყისი 5 თვის განმავლობაში, ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია.