ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფცია - ოპოზიცია IDFI-ის დასკვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2017 წელს სამინისტროების გაერთიანების შემდეგ მომსახურების ხარჯები 15 მილიონით გაიზარდა.
IDFI დასკვნაში წერს, რომ წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, ასეთმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა ვერასდროს უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია, ამიტომ ორგანიზაციის რეკომენდაცია რეალური ცვლილებების განხორციელებას უკავშირდება.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრემიერის, მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფცია შედეგს არ გამოიღებს და რეალური ცვლილებები არ მოხდება.
„წინა ოპტიმიზაციამ, ოთხი სამინისტროს შემცირებამ მოიტანა ის, რომ ბიუროკრატიული ხარჯები უფრო მეტად გაიზარდა ისევე, როგორც ბევრი უსარგებლო ხარჯი. ახლა ამ ოპტიმიზაციის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ხდება მექანიკური გაერთიანება, არაფერი იცვლება ბიუჯეტში, არაფერი მცირდება... სამწუხაროდ, ჩვენ ვღებულობთ არაფერს და ეს არის მორიგი თვალში ნაცრის შეყრა,“ - განაცხადა გოცირიძემ.
დაგეგმილი რესტრუქტურიზაციას პესიმისტურად უყურებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქამრების შემოჭერას არ დაუშვებს.
„ეს რესტრუქტურიზაციაც ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც წინა მარტივი მიზეზის გამო. მთავრობამ რომ საკუთარი კეთილდღეობა შეიმციროს და ქამრები შემოიჭიროს, მათ უნდა გაანაწყენონ საკუთარი პოლიტიკური აქტივი, „ქართული ოცნების,“ რომელიც ჩამალულია სიპებში და აიპებში, რაიონულ გამგეობებში, სახელმწიფო საწარმოებში და ამას „ქართული ოცნება“ არ გააკეთებს და შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ამ რესტრუქტურიზაციით რაიმე პრინციპული ცვლილება მოხდეს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
IDFI-ის კვლევის თანახმად, გაირკვა, რომ თანხის დაზოგვის ნაცვლად, გასულ წელს ადმინისტრაციული ხარჯები 15 მილიონით გაიზარდა.
სამოქალაქო სექტორის ცნობით, გასულ წელს დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, 2018 წლის საწყისი 5 თვის განმავლობაში, ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია.