20 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
უსუფაშვილის თანამშრომლობა პრეზიდენტთან - არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებები

დავით უსუფაშვილის პრეზიდენტისადმი შეთავაზებას პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. ამ საკითხზე ოპოზიციის წევრებს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება პრეზიდენტობის ძლიერი კანდიდატი, თუმცა ასეთი გიორგი მარგველაშვილი არ არის.

"მარგველაშვილმა ჯერჯერობით პრინციპულობა გამოიჩინა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ერთადერთ საკითხთან დაკავშირებით, არ დატოვა სასახლე ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნის მიუხედავად, დანარჩენ საკითხში რეალურად ის მაინც აკეთებდა იმას, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის იყო ხელსაყრელი. ოპოზიციამ უნდა შეძლოს ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმება.

"შევთავაზოთ „ქართულ ოცნებას,“ დიმიტრი გელოვანი დააყენოს საპრეზიდენტო კანდიდატად. მკვდარი სულების დაყენების პრაქტიკა გვაქვს და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არისო გარდაცვლილი ადამიანების სიაში შეყვანაზეო, გვითხრეს. უკეთეს კანდიდატურას ნამდვილად ვერ იპოვიან. რეალურად ცოცხალი და მოქმედი პრეზიდენტი მაგათ არ სჭირდებათ და სახელი, გვარი და ავტორიტეტი დიმიტრი გელოვანს ნამდვილად საუკეთესო აქვს. ეს შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ გამოსავალი, მაგრამ სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, გამოსავალი გვინდა ვეძებოთ, უნდა ვეძებოთ რეალურად გამბედავი კანდიდატი, რომელიც შეძლებს ძალიან სერიოზულად შეებრძოლოს ბიძინა ივანიშვილის მილიარდებს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, შალვა შავგულიძემ ღიად დადასტურა, რომ ის არ გამორიცხავს დავით უსუფაშვილთან და მის პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობას.

„ეს არ არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზა, ესე ჩვენ ვშორდებით დასავლურ, დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოთა სივრცეს და ვემსგავსებით ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და ორგანულად ვერ გავხდებით იმ ოჯახის წევრი, თუ არ ვიქნებით იმ ოჯახის თვისებებით აღჭურვილები. ასე, რომ ეს დროულად, აუცილებლად გასაკეთებელია 2020 წლის არჩევნებისთვის. კონსოლიდირებას შესაძლებლობას მე ვხედავ მხოლოდ დასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ ძალებთან,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები