შემცირების ნაცვლად 15 მილიონი ლარით გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯები - „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ სამინისტროების გაერთიანების პირველი ეტაპის შედეგები გამოიკვლია და დაადგინა, რომ ოპტიმიზაციით ხელისუფლებამ ადმინისტრაციული ხარჯები გაზარდა.
2018 წლის 5 თვის მონაცემებით გაერთიანებულ სამინისტროებში მომსახურების ხარჯები 15 მილიონი ლარი არის გაზრდილი. IDFI ვარაუდობს, რომ ადმინისტრაციული ხარჯებზე მთავრობა გაცილებით მეტს ხარჯავს და ეს კვლევა ზუსტ მოცემულობას არ ასახავს. არასამთავრობო ორგანიზაციას ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრეს.
მმართველმა პარტიამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდობლობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. IDFI-ის კვლევასა და ოპტიმიზაციის პირველი ეტაპის შედეგებზე დღეს მოკლე კომენტარი პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.
ადმინისტრაციული ხარჯების კიდევ უფრო ზრდას ელოდება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამის მიზეზად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების არ არსებობას ასახლებენ.
IDFI-ის კვლევა სახელმწიფო ხაზინის მონაცემებს ეყრდნობა. არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ სამინისტროების გაერთიანების მეორე ეტაპის შემდეგ, თანხების დაზოგვის ზუსტი გაანგარიშების წარდგენაა.